მერებაშვილის მარანი გახლავთ მცირე საოჯახო მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ კასპში. ღვინის დაყენების ტრადიციას ჩვენს ოჯახში საუკუნეების ისტორია გააჩნია. ღვინისადმი და ვაზისადმი სიყვარული ღრმადაა ფესვგადგმული ჩვენი ოჯახის სამი თაობის თითოეულ წარმომადგენელში. წინაპრების მიერ დანატოვარ ტრადიციებთან ერთად, ჩვენი მარნის მიდგომა აერთიანებს თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, როგორც მევენახეობაში ასევე მეღვინეობაში. ღვინის წარმოების კარგად შესწავლილი უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ძველი, უნიკალური ქართლის ღვინის გემო, შევქმნათ საკუთარი განუმეორებელი სტილი და ვაწარმოოთ გამორჩეული და ავთენტური ღვინოები.
ჩვენი ოჯახის მიზანია ვაწარმოოთ მაღალი კლასის, ელეგანტური და დაბალანსებული ღვინოები. ღვინოების უმეტესობა მარანში ყენდება ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდით, რაც გულისხმობს ჭაჭა-კლერტზე დადუღებას და დავარგებას. შიდა ქართლის განთქმული ღვინოების გვერდით, როგორებიცაა ჩინური და თავკვერი, მერებაშვილის მარანი აწარმოებს ასევე, ჩვენსავე ვენახში მოწეული ყურძნისგან, გორულ მწვანეს და შავკაპიტოს. ვენახი გაშენებულია 1 ჰექტარ ფართობზე სამხრეთ-აღმოსავლეთის კალთაზე, ცნობილ ოკამის ველზე, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. ამ მიკროზონისთვის დამახასიათებელი კონტინენტური კლიმატი, ზომიერად თბილი და ტენიანი ჰავა და მინერალებით სავსე ნიადაგი ქმნის საუკეთესო ბუნებრივ პირობებს ჩვენს მიერ შერჩეული, შიდა ქართლის ,უძველესი, ენდემური ვაზის ჯიშების გასახარებლად.
როგორც მევენახეობაში, ასევე მეღვინეობაში გამოიყენება მხოლოდ ორგანული მიდგომები.